23 წლის პროგრამისტის საქმეში თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ორი ჩვენება დევს. ხათუნა ჩაფიძე იხსენებს, რომ ბაჩალიაშვილი მას სულ 7-ჯერ შეხვდა, აქედან 5-ჯერ პანდემიის დაწყებამდე და 2-ჯერ ივნისში. ის იხსენებს, რომ თამარი იყო ძალიან ჩაკეტილი ადამიანი, უჭირდა სხვებთან ურთიერთობა და ახლო მეგობრებიც არ ჰყავდა.
„შეხვედრაზე შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის იყო თავის თავში ჩაკეტილი. ჰქონდა დაბალი თვითშეფასება და ვცდილობდი მასთან ამ მიმართულებით მემუშავა. მას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რადგან ისეთ საკითხებს აღიქვამდა მწვავედ, რაც არ უნდა აღექვა. ნიკაზე ხშირად საუბრობდა და წუხდა, რომ გეჯაძეს მასთან დისტანციური ურთიერთობა ჰქონდა. ღელავდა, რომ ნიკა მხოლოდ სხვა თანამშრომლებს ეპატიჟებოდა ყავაზე. უნდოდა ამერიკაში კონფერენციაზე წასვლა და არ გაუშვეს” – წერია ჩვენებაში.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.