დღეიდან 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა იწყება. ისინი, ვინც სპეციალურ პორტალზე პირველივე ეტაპზე დარეგისტრირდნენ, თანხა დღეიდან ჩაერიცხებათ.
18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალური პორტალი – daxmareba.moh.gov.ge, რომელზეც რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.
ამასთან, საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.