რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის ახლანდელი მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საჭიროებაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის პერიოდში საკუთარ ქვეყანას ღალატობს, დივერსიებსა და ტერორისტულ აქტებს აწყობს, სხვაგვარი სასჯელი არ შეიძლება არსებობდეს.
„რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ სხვადასხვანაირი ლურჯ-ყვითელი დივერსანტები. ახალგაზრდა უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებმაც ეს ესაა მიაღწიეს სრულწლოვანებას, მწყობრიდან გამოიყვანეს რამდენი სარკინიგზო ობიექტი უფაში. ვითომ იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას არ ეთანხმებიან. ჩვენ ეს მახინჯები ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ, განათლების საშუალება მივეცით და სანაცვლოდ – ტერაქტები და დივერსია. ამავე რიგში არიან „ჩვენებიც“, ვინც სამხედრო კომისარიატებს წვავს და სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტს ანადგურებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკრაინელი ტერორისტები ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ტერიტორიაზე ხოცავენ,“ – წერს მედვედევი.
უშიშროების საბჭოს მდივანი იხსენებს, როგორ ექცეოდნენ „დიდი სამამულო ომის დროს საბოტაჟის მომწყობებს, რომლებიც ასეთ საქმიანობას ფაშისტების ბრძანებით ეწეოდნენ“ – მათ არავინ ეფერებოდა.
„ასეთი არამზადებისთვის ერთადერთი განაჩენი არსებობს – დახვრეტა სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. პირდაპირ დანაშაულის ადგილზე. იმიტომ, რომ თუ შენ ასეთი დანაშაულის ჩამდენი მოღალატე ხარ, შენ აღარც ასაკი გაქვს, აღარც ეროვნება და აღარც საკუთარი სიცოცხლის დაცვის უფლება.
თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია. ძალიან ჰუმანურია. სხვათაშორის, ბირთვული იარაღის მფლობელი სხვა დიდი ქვეყნებისგან განსხვავებით (აშშ, ჩინეთი და ინდოეთი). თუმცა, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – აუცილებლობის შემთხვევაში ეს მორატორიუმი შეიძლება შეიცვალოს კიდეც. ეს არჩევანის საკითხია, რა გზებს ავირჩევთ ჩვენი ხალხის, სახელმწიფოსა და საზოგადოების დასაცავად,“ – აცხადებს მედვედევი.
კრემლისტური მედიის ცნობით, უფის სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ოთხ სტუდენტს, რომლებსაც რკინიგზაზე დივერსიების მოწყობაში ედებათ ბრალი.
სამი დაკავებული 18 წლისაა, ერთი კი 17-ის.
ბრალდების მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის ომისადმი პროტესტის ნიშნად, მათ ხუთჯერ სცადეს რკინიგზაზე ელექტროტექნიკური აღჭურვილობის დაზიანება