აშშ-ის პოლიტიკა მალე იმით დასრულდება, რომ ამერიკას ირანის წინაშე მუხლებზე დადგომა მოუწევს, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ.
„მივმართავ აშშ-ს. მალე ირანელი ერის წინაშე მუხლებზე დაიჩოქებთ. აშშ-ის მთავრობა როგორც საკუთარ, ასევე უცხოელ ხალხზე კისერზე მიჭერის პოლიტიკას აწარმოებს. შედეგად არა ირანის კისერი, არამედ ამერიკის მუხლია გადამტვრეული“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ 10 ივნისს ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ს წლების განმავლობაში ირანის ყელზე მუხლი ჰქონდა მიჭერილი, თუმცა ირანმა ამერიკას მუხლი გადაუტეხა.
„ჩვენმა ძვირფასმა ერმა ამერიკას მუხლი გადაუტეხა ერთიანობით და ახლა ამერიკას ირანელ ერზე მისაჭერი მუხლი აღარ აქვს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ირანზე უკიდურესი ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა ირანმა ამ ზეწოლას თავი დააღწია.
„აშშ-ის მთავრობა დისკრედიტირებულია. კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-მა სშინელი შედეგები აჩვენა. ამერიკამ ჩვენს ქვეყანას ყელზე მუხლი დააჭირა, თუმცა ჩვენმა ძვირფასმა ერმა ეს მუხლი გადაუტეხა აშშ-ს და ეს ჩვენი ერთიანობის წყალობით მოხდა“, – აღნიშნა ჰასან როუჰანიმ.