სუს-ის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის ქალიშვილი ნინო გოგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლებას მიმართავს. როგორც ის აღნიშნავს, იმ ბოროტებისთვის აუცილებლად გადაეხდებათ, რაც მის ოჯახს ტკივილის სახით მიაყენეს:
“ამ დროს, მამა და პეტრე ძილის წინ ტელევიზორს უყურებდნენხოლმე ერთად. იუთუბზე რაღაც ვიდეოებს უყურებდნენ და იცინოდნენ ხმამაღლა, მთელს სახლში ისმოდა ამათი სიცილის ხმა. მენატრება ეგ დრო და ამათი სიცილი ერთად და მეზიზღება 16 ივლისი, როცა პეტრეს თვალწინ დააგდეს მამა, ცემეს და შემდეგ ბავშვი ჩაკეტეს ოთახში…რა უსამართლოა ეს ცხოვრება და რამდენ ტკივილს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა საერთოდ… ახლა, როცა პეტრე მამას უნდა ეხუტებოდეს ძილის წინ, დღეს ისიც არ იცის მამას როდის ნახავს.
მჯერა, რომ ამ სამყაროში არცერთი უსამართლო ქმედება არ რჩება პასუხგაუცემელი, ისევე როგორც სიკეთე არ იკარგება არასდროს.
მჯერა, რომ ღმერთი პასუხს აგებინებს ყველა ადამიანს, ვინც 10 წლის პეტრე 14 საათი სახლში ჩაკეტა და ასმენიმებდა დედაჩემის ტირილს და აყურებინებდა მამაჩემის ცემას.
მჯერა, რომ ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენს მორალურ განადგურებაში და ჯანმრთელობა დაგვიზიანა, დაისჯება მკაცრად.
რამდენი ფულიც არ უნდა შეაგროვოთ ჩვენი ტერორის ხარჯზე, ფულით ვერ გაექცევით ვერსად სამართლიანობას და იმ ქმედებებს, რომლებმაც ჩვენ, უდანაშაულო ადამიანები გაგვანადგურა!
ჩემი ოჯახის მტრებო, გაბოროტებულო ადამიანებო, შეგახსენებთ, რომ მუდმივი არაფერია, არც ეს ხელისუფლება, არც თქვენი და ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა. მოვა დრო, როცა მდგომარეობას გავცვლით და ტკივილი, რომელიც ჩვენ მოგვაყენეთ, თქვენ დაგიბრუნდებათ, რადგან ადამიანი, ვისაც სხვა ადამიანის ტანჯვა სიამოვნებს და უხარია, ის ვერასდროს იქნება ბედნიერი და ყველა ასეთი ბოროტი არსება საბოლოოდ თავად ისჯება. მიხარია, რომ ამდენი ტკივილის მიუხედავად, თქვენ არ დაგემსგავსეთ და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა.
მიზანი ერთია – მამა მალე უნდა დაუბრუნდეს პეტრეს სახლში !
#თავისუფლებასოსოგოგაშვილს” – წერს ნინო გოგაშვილი.