გორის ყოფილი მერის მოადგილე ალექსი მარიამიძე მეზობლის ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, ბრალდებულს პატიმრობის გარდა, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.
“ერთ დღეს, გიორგიმ ხილი უნებართვოდ მოკრიფა. ამის გამო კი ხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ხიდან ძალით ჩამოათრია, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, ამოარტყა პანღური, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე ბავშვის ადვოკატის მოთხოვნით, სასამართლომ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობის მუხლით (ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია მე-3 მუხლი – წამებისგან დაცვა)”, – წერია PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.