დღევანდელი ცხოვრების აჩქარებული რიტმისა და უამრავი ყოფითი პრობლემის ფონზე, მშობლებს გარკვეული რეკომენდაციების შეხსენება სჭირდებათ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპებიც აქტიურდებიან და ყირიმ-კონკოს დაავადების გავრცელების რისკიც მატულობს.
“ტკიპას ნაკბენი იწვევს ყირიმ-კონგოს ცხელებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ბუნებაში ტკიპა არის და იქნება. ყველა მათგანი არ არის დაავადების გადამტანი, მაგრამ, ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. როცა ბავშვი ბუნებიდან სახლში შეგყავთ, უნდა დაათვალიეროთ. ტკიპა, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ადამიანის სხეულზე, მით მაღალია დაავადების გადადების შანსი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამაში ახალი არაფერია, ტკიპები ყოველწლიურად მრავლდებიან, მაგრამ ასევე ყოველწლიურად უნდა გავიხსენოთ ის სიფრთხილის ნორმები, რაც ამ საშიშ დაავადებას თავიდან აგვაცილებს.
– ეს დაავადება ტკიპის ნაკბენით გადადის. ხასიათდება მაღალი ეპიდემიური პოტენციალით, საკმაოდ რთული სამკურნალოა და ასევე რთულად ექვემდებარება პრევენციულ ღონისძიებებს.
– დაავადება დაინფიცირებული ადამიანების 1/5-ს უვითარდებათ.
– დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1–3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას 5–6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 14 დღე.
– პირველადი სიმპტომები არასპეციფიურია და ზოგჯერ სწრაფად ვითარდება: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყელის ტკივილი, კონიუნქტივიტი, სიყვითლე, სენსორული და ხასიათის ცვლილება, გამონაყარი, ჰემორაგიული დიათეზი, ეკქიმოზი, სისხლდენა ინექციის ადგილებიდან და მრავალი სხვა წყაროებიდან. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი დგება ავადობის მე–2 კვირას.
ambebi.ge