ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“ხშირად მომისმენია – ქვეყანა გაჩერებულია. ეს ფრაზა – “ქვეყანა გაჩერდა“ ჯერ კიდევ 2013 წელს დათო გამცემლიძის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის სათაურია.
მაშინ ამას ყურადღება ნაკლებად მიაქცია ჩვენმა საზოგადოებამ და ოპოზიციურმა პოლტსპექტრმა, რომელიც ჯერაც შოკში იყო 2012 წლის მარცხის გამო.
გავიდა დრო და „ქვეყანამ გაჩერება“ დაიწყო სხვებისთვისაც, მაგრამ ეს უფრო პირადი აღქმაა – შეეხნენ, შეეხოთ და იმიტომ.
თუმცა ბევრისთვის არაფერიც არ გაჩერებულა და მათთვის ქვეყანა ტარანტასივით მიდის. ფრენას ვერ იტანენ, გულის რევის შეგრძნება აქვთ. ტარანტასში ეგზოტიკაა, გადაძახილია, თბილისური პონტია – ვიღაც ვაშლს მოგაწვდის, ვიღაც პურის ნატეხს, ვიღაცას ტოლჩა ღვინოც კი აქვს და რა თქმა უნდა, გაგიყოფს. მორიგ გაჩერებაზე შესაძლოა, ვინმე სოფლელიც ამოვიდეს და ხურჯინში მოხარშული დედალი და გუდის ყველიც აღმოაჩნდეს. განა სხვა რამეა ცხოვრება – ამათთვის ცხონებაც ხომ იქვეა – მანდვე ქონიან დრუნჩს სახელოთი რომ მოიწმენდენ.
არა და… ადარდე ახლა ტარანტასის მგზავრებს თუ როგორ უშვებს კვანტური მექანიკა ორი ან მეტი ნაწილაკის არსებობას ე. წ. გადახლართულ მდგომარეობაში. რაც ემართება ერთ-ერთ ნაწილაკს გადახლართულ წყვილში, განსაზღვრავს მეორე ნაწილაკის ბედს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ერთმანეთისგან შორს არიან. ანუ, ის რომ შენ აქ რაღაცას ფიქრობ შენთვის საყვარელ ადამიანზე განსაზღვრას „იქ“- პლანეტის მეორე მხარეს მყოფის ბედს. მტერზე რას ფიქრობ ხომ „იანსია“ და ის მტერი შენზე რას. ამ უკვე დადასტურებული (2022 წლის ნობელის პრემია ) პრინციპის არსებობის პირობებში, რატომ გიკვირთ რომ ეს ქვეყანა გაჩერებულია და ტარანტასის მგზავრებიც ერთ ადგილას დგანან. ვერც კი ხვდებიან, რომ მათი მოძრაობა ილუზიაა.
რატომ გიკვირთ, რომ ერთმანეთის დედის, მამის ოჯახის მგინებლებს ხვალ დედა, მამა და ოჯახი აღარ გყავთ?
რატომ გიკვირთ, როდესაც ერთმანეთს უკან ექაჩებით, წინ ვერ მიდიხართ და ტკეპნით ერთ ადგილს?
ვინმე გონიერი არ არის ამ ქვეყანაში, ეს უკან ქაჩვა რომ დაასრულოს? ისე, თავისთვის მაინც არ აფრქვიოს ამდენი ბოღმა, ღვარძლი? თუნდაც ერთი ადამიანი, სულ რაღაც ერთი, რომ „იქ“ და „აქ“ – მან და იმან ბედი შეცვალონ და სულ მცირედით მაინც დაიწყოს ბორბალმა ტრიალი, რაც ქვეყანას დაძრავს ადგილიდან…“ – წერს მირცხულავა.