მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც COVID 19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი, – ამის შესახებ Facebook-ზე კორონავირუსისგან ერთ-ერთი გამოჯანმრთელებული ლილე აბსანძე წერს.
როგორც იგი, წერს საზოგადოებას გააცნობს იმ რეალობას, რაც COVID 19-ის დადასტურების შემდეგ პაციენტის თავს ხდება.
„მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზეც ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო“ – წერს ლილე აბსანძე.
მისი თქმით, მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ფილტვების ბაქტერიული ანთებით მკურნალობდა და საერთო პალატაში შეიყვანეს პაციენტი, რომელმაც მისი ინფორმაციით კონტაქტები დამალა და შემდგომ აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით იყო ავად.
„2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასრუტდა COVID-19.
მოსაყოლად ხომ ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს.
არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა.
დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები მარტო იმას ვუსმენ როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად.
მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, პლაქვენილიც ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც.
პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. რთული ძირითადად ის არის, რომ კუბოებზე მიმების სქროლვა გიწევს ფეისბუქზე, ვიღაცეების დარიგების წაკითხვა რო “ნუ აი არ მესმის ეს ხალხი სად დადიოდა”, ხშირად კითხულობ სიტყვას “დაუდევრობა” და ზუსტად იცი, რომ შენზე ფრთხილად არც არავინ ყოფილა და არც ახლაა არავინ. ალბათ, ამაზე უფრო დიდი სირთულეა ის, რომ დანამდვილებით არც შენ და არც არავინ იცის რა გჭირს, როგორ მორჩები ამისგან და მერე რა იქნება. მე ჩემმა ექიმმა პირდაპირ მიხრა, რომ ამ დაავადებას მე და შენ ახლა ერთად ვსწავლობთო, თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ როცა დაავადებას შენთან ერთად სწავლობენ, ყველა შესაძლო მხრიდან გაკონტროლებენ.
იქ რომ ხარ, პანდემიას არ აბრალებ არავის, იმიტომ რომ სულერთია. მარტო იმ ჩაკეტილი პალატიდან ხედავ, რომ ეს საყოველთაო უბედურება უფრო დიდი რაღაცაა ვიდრე ქალი, რომელმაც კონტაქტები დამალა, იმიტომ რომ არ ჯეროდა, რომ თვითონ შეიძლება რაიმე დამართნოდა, უფრო დიდია ვიდრე რელიგიური დღესასწაული, მამაოების შეგონებებზე უფრო უტიფარია და სტატისტიკაზე უფრო მომაბეზრებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც სძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან.
ასევე, მადლობა ვინმე საბას, რომელიც ყველაზე კარგი კურიერია მსოფლიოში და ჩემს მეგობრებს, თბილი სიტყვებისთვის და გემრიელი ამანათებისთვის.
თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ, რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამიხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. პირადად მე სულ ვეძებდი ასეთ ადამიანს“ – წერს COVID 19-ისგან განკურნებული ერთ-ერთი პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.