განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე, სკოლებში მუნის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმე ერთეულ შემთხვევებს ეხება, რაც განგაშის საფუძველს არ იძლევა.
მინისტრის განმარტებით, სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და გაირკვა, რომ სიმპტომები სულ სამ ბავშვს აღენიშნებოდა.
მიქანაძის თქმით, სკოლაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა უკვე გატარებულია.
ეს არის ერთეული შემთხვევები და 55 სკოლასთან დაკავშირებით რაც გავრცელდა, მოვიკითხეთ და სულ სამ ბავშვს აღენიშნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, თუნდაც ერთი შემთხვევა ჩვენთვის არის საყურადღებო, შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ყველა სკოლას უტარდება და დამატებით კიდევ ჩატარდა, ამიტომ ეს პროცესი რაიმე განგაშის გამომწვევი არ არის და შესაბამისი ზომები, იმ პროტოკოლის მიხედვით, რაც ასეთ შემთხვევაში ხორციელდება, ყველაფერი სკოლების მიერ გატარებულია და სამინისტრო, რა თქმა უნდა, მუდმივ კომუნიკაციაშია შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომ თუკი რაიმე დამატებით ხელშეწყობა არის ჩვენი მხრიდან საჭირო, ეს ყველაფერი განხორციელდეს, – ამბობს გივი მიქანაძე.
2026 წლის ნოემბერში თბილისში, ვაკის რაიონის 55-ე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები დადასტურდა. სკოლის დირექტორის ცნობით, დაავადება სამ მოსწავლეს აღმოაჩნდა, რომლებიც სხვადასხვა კლასში სწავლობენ და ერთმანეთთან კვეთა არ აქვთ. შენობაში პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
