სალომე ზურაბიშვილი სუროგაციის აკრძალვის საკითხს “საპატრიარქოს შემოსაბრუნებლად გადაგდებულ” თემას უწოდებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, “ოცნებას” ეკლესიიდან წამოსული მწვავე განცხადებების შეეშინდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სუროგაციის აკრძალვა კანონმდებლობით.
ზურაბიშვილს ამ საკითხის შესახებ კითხვა ფბ-ლაივში დაუსვეს – მოქალაქემ მას ჰკითხა „თუ სუროგაციის სფეროში რეალური პრობლემები მართლაც არსებობს, რატომ აირჩია სახელმწიფომ მისი სრული აკრძალვა და არა გარკვეულ რეგულაციებში მოქცევა, თუნდაც ეს ძალიან მკაცრი ყოფილიყო?“
იმიტომ, რომ არ ფიქრობს ხელისუფლება ეხლა რეალურად ამ პრობლემაზე და მის გადაწყვეტაზე, რომელსაც აქვს თავისი ორი მხარე — ერთი იმ ადამიანებისთვის, რომლისთვისაც ეს წარმოადგენს ბოლო იმედს, რომ ბავშვი გააჩინონ და ასევე დემოგრაფიულად შეიძლება იყოს გამართლებული; მეორე მხრივ, ამას აქვს თავისი ნამდვილად მორალური ზღვარი და საჭირო არის, რომ ძალიან გაკონტროლებული იყოს — მაგრამ ხელისუფლებას ეს ხომ არ აინტერესებს და არანაირად ამაზე მსჯელობაც არ ყოფილა, ხო აქაც, როგორც დანარჩენ ყველა საკითხზე.
ეს არის მიმართული ეკლესიისკენ. რა ხდება — ძალიან შეეშინდა რეჟიმს იმისი, თუ რაც ხდება ეხლა ეკლესიაში, ანუ ეკლესიამ ამოიღო ხმა და იცავს არა მხოლოდ თავის თავს — იცავს ქვეყანას, იცავს საზოგადოებას და იცავს სარწმუნოებას. და ეს არის მოულოდნელი და ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს რეჟიმისთვის, რომელიც თვლიდა, რომ შეეძლო რაღაცნაირად გამოეყენებინა ეკლესია, მას რაღაცა შეღავათებს დაუნიშნავდნენ, მიწებს დაურიგებდნენ ან მანქანებს, და ამით ეგონათ, რომ რაღაცნაირად დაიმორჩილებდნენ ეკლესიას. ასე არ ხდება — ეკლესია იყო, არის და იქნება ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის და მომავლის დამცველი. და უცებ ეს, რაც ვიცით, მაგრამ რაც იყო ცუდი… ასე ვთქვათ, მოთმენა ეკლესიისა, ეს მოთმენის ფიალა აივსო და უკვე ამოიღო ხმა, და აღიქვა რეჟიმმა ეს როგორც მისთვის ძალიან დიდი საფრთხე, და დაიწყო რაღაცა — „რა უნდა ვქნა და რა გადავუგდო იმისთვის, რომ რაღაცნაირად შემოვაბრუნო ჩემსკენ“. და ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება არის, მაგრამ ამას რომ უკვე აზრი აღარა აქვს, რომ არავინ არ ტყუვდება ამ რაღაცა გადაგდებული იმედებით — ეს ხო ნათელი არის. აქ უკვე ნათქვამია, რაც ისმის ეკლესიიდან, არის ბევრად უფრო სერიოზული, შორს მიმავალი და არ არის რომელიმე რაღაც ერთ საკითხზე დამოკიდებული, რომელიც შეიძლება ისე თუ ასე გადაწყვიტოს ამ რეჟიმმა. ასე რომ, ამ… ერთმანეთთან კონფრონტაციას არ ვიტყვი, მაგრამ შეჯერება ვერ მოხდება ასეთ საკითხებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
