შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, 800 000 ლარამდე თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას – ჯამში 800 000 ლარამდე, რომელიც პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
