საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო სესხებზე დაწესებულ ზღვარს კიდევ 500 ათასი ლარით ზრდის. კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1 თებერვლიდან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა შემოსავალიც ეროვნულ ვალუტაშია, 1 500 000 ლარამდე სავალუტო სესხს ვეღარ აიღებენ.
მარეგულირებელი ამ ნაბიჯს სავალუტო რისკების დაზღვევის აუცილებლობით ხსნის.
2026 წლის პირველი ივლისიდან ამ დრომდე არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტით დაკრედიტების მინიმალური ზღვარი 1 მილიონი ლარი იყო, იქამდე 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის 1 ივლისამდე 750,000 ლარის ზღვარი მოქმედებდა, იქამდე კი 2025 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე 500,000 ლარის ზღვარი იყო ძალაში. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 500,000 ლარით ზრდას მოიცავს.
“ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. ეროვნული ბანკის მიერ თანმიმდევრულად გატარებული პოლიტიკის შედეგად ფინანსური დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკები კვლავ ფინანსური სექტორის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 1 000 000-დან 1 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2027 წლის 1 თებერვლიდან შევა,’- წერს ეროვნული ბანკი.
