ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია.
24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და მრევლს მისთვის ლოცვა სთხოვა.
იქამდე, 20 ნოემბერს, მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა დასავლეთ ევროპის ეპარქიამაც და სამწყსოს მიტროპოლიტის ლოცვებში მოხსენიება სთხოვა – “გთხოვთ გავერთიანდეთ ლოცვებში, შევთხოვოთ უფალ ღმერთს ჩვენი მღვდელმთავრის, მეუფე აბრაამის ჯანმრთელობა და შეწევნა” – დაწერა დასავლეთ ევროპის ეპარქიამ სოციალურ ქსელში.
მიტროპოლიტი აბრაამი ბერად 1988 წელს აღიკვეცა, 1996 წელს აკურთხეს ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსად, სადაც 1996 წლამდე იყო.
1993-2003 წლებში იყო თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი.
1995 წელს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა და თანამდებობა 2002 წლამდე ეკავა.
1996-1998 წლებში საგარეჯო-გურჯაანის ეპისკოპოსი გახდა, 1998 წელს კი მთავარეპისკოპოსად აკურთხეს.
1998-2002 წლებში იყო ჭიათურისა და საჩხერის მთავარეპისკოპოსი. 2000 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი.
2002 წლიდან კი გახდა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
