ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის, სოფი ნიკოლეიშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აცხადებს, რომ სამართალი ამ დრომდე მაინც ვერ იპოვა.
“2019 წლის 26 მაისი.
ღამის პირველ საათზე გავედი ნავთლუღის ყვავილების ბაზრობაზე ,ვარდების საწყობში სამუშაოდ.დილის რვაზე სოფი მყავს სკოლაში( ალბიონი) მისაყვანი.ექსკურსიაზე მიდის მე_ 11 კლასი დამრიგებელთან და რამდენიმე მასწავლებელთან ერთად.
მშობლები არ მოინდომეს. 7 _ ისკენ მირეკავს, დეე რვაზე კი არა შვიდზე მოუფიქრებიათ, მოდი ჩქარა, წამიყვანეო. მე დავამშვიდე, მოვალ და ისტ პოინტთან დავხვდეთ_თქო. გავიქეცი სასწრაფოდ, დავურეკე კორპუსის მოპირდაპირედ მარკეტთან ჩამოდი თქო.
მხოლოდ ეს კადრი მახსოვს ბოლო, ცოცხალი ჩემი შვილის… მოდიოდა თან ახალგაღვიძებული, გაბუტული, თმებდატალღული, ჯლაგუნა ნაბიჯებით და თმები აუდიოდა_ჩაუდიოდა ჩქარი სიარულისგან…მოვიდა, ჩაჯდა ბუზღუნით, მე პარკი მივაწოდე მანამდე მარკეტში ნაყიდი, გზაში სასუსნავები.
მივიყვანე გზაზე, დაველოდეთ ავტობუსს, სარკიდან დავინახე, რომ მოგვადგნენ, არც გადმოვსულვარ, ისე გადავიდა და წავიდა…ფულიც მივეცი დასახარჯად, მეც მაქვსო ჩემი ხელფასიო. მუშაობდა სალოსთან და ჩაერიცხა წინა დღეს.
სადღაც 12 ისკენ დამირეკა და ბოლო ხმა ეგ იყო: დეეე, ჩავედიით და მივდივართ ახლა ნაკრძალში. ჭყლოპონებდა აღტყინებული.
მერე…მერე იყო არანაირი იმედი..ვერაფერს რომ ვერ ჩავებღაუჭე…ცხედარს ვნატრობდი, ოღონდ იპოვონთქო…
დღეს სოფის სპორტის მასწავლებელი ვასილ ქოჩიევი, რომელიც შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა,უდანაშაულოდ ცნეს. იგი აქამდეც იმავე სკოლაში მუშაობდა და ისევ ივლის სამსახურში.
დამრიგებელი ლალი ( ნელი) სონღულაშვილი( რომელიც არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და ბავშვი უმეთვალყურეოდ დატოვა) დამნაშავედ სცნეს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით,რომელიც გადაკვალიფიცირდა პირობით სასჯელად, ასევე სამი წლით. იგი მუშაობს ერთ_ ერთ საჯარო სკოლაში და კვლავ გააგრძელებს პედაგოგობას.
მე?
მე დარჩენილი ცხოვრება ვივლი საფლავზე, სადაც გაღიმებული სოფის ფოტო შემომყურებს.
ეს სკვინჩას ბოლო დღის ფოტოა..
ჩემი 16 წლიანი გაელვება, ჩემი ნაბოლარა და სასწაულად დაუდგრომელი, გულიანი, ფხუკიანი, თბილი და ვერცხლისწყალა შვილი, წაიყვანეს და არ დამიბრუნეს…
და სად შეიძლება საქართველოში სამართლის პოვნა?!”, – წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.
ცნობისთვის, სოფი ნიკოლეიშვილი 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
გურჯაანის სასამართლომ ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის მოზარდის, სოფი ნიკოლეიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და კლასის დამრიგებელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.