რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემსრულებელი კომპანია მე-20-ედ დააჯარიმეს – სანქციების ოდენობამ 27 000 ლარს გადააჭარბა
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ თბილისის მერიამ კიდევ ერთხელ დააჯარიმა. ფულადი სანქცია კომპანიას მერიის მონიტორინგის სამსახურის მიერ ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ არსებულ მონაკვეთზე გამოვლენილი დარღვევის გამო დაეკისრა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 18 ნოემბერს გამოქვეყნებული საჯარიმო წერილებიდან ირკვევა, კომპანიას ჯარიმა სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შესრულების ვალდებულების დარღვევისთვის დაეკისრა. ჯარიმის მოცულობა 1 334 ლარია.
“დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქუჩის და შ. რუსთაველის გამზირის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან – სავაჭრო ცენტრ ,,მერანამდე’’) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 16 ნოემბრის ინსპექტირების აქტიდან (ინსპექტირების განხორციელების დრო – 23:10 საათი) ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა”, – ნათქვამია ჯარიმის წერილში.
