19 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი. ლალი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა და აფეთქების დროს მასთან ერთად სახლში მისი ტყუპი შვილები იყვნენ. საბედნიეროდ, ტყუპმა დებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს გვერდი “იყალთოს მატიანე“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც პოსტიდან ირკვევა, აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ლამარა შიშმანაშვილი იყალთოს მკვიდრი იყო.
“არსებობს ტკივილი, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს. არსებობს ტრაგედია, რომლის სიმძიმესაც მთელი საზოგადოება გულით ატარებს. ფონიჭალაში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ ჩვენი სოფლის მკვიდრის, ქალბატონ ლამარა შიშმანაშვილის სიცოცხლე შეიწირა.ეს დანაკარგი თითოეული ჩვენგანისთვის გულისტკივილია.
ჩვენი სოფლის კიდევ ერთი შვილის წასვლა, კიდევ ერთი ოჯახისთვის დატრიალებული უდიდესი უბედურება. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებსა და ახლობლებს.უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სულს, მის ოჯახს კი მიანიჭოს ამ აუტანელი ტკივილის გაძლების ძალა.
ლამარა ულამაზეს ლექსებს წერდა სიყვარულზე, მის თითოეულ სტრიქონში იგრძნობოდა ის სულიერი სილამაზე და სითბო, რომელიც თავად მასში ცხოვრობდა. უყვარდა იყალთო, თავისი სოფელი, ადამიანები. და დღეს ეს სოფელი კიდევ ერთ ძვირფას ადამიანს გლოვობს.უმძიმესია იმის გააზრება, რომ ასეთი თბილი, კეთილი და სიყვარულით სავსე ადამიანის სიცოცხლე ამხელა ტრაგედიამ შეიწირა.
ლამარა, შენი ლექსები, შენი კეთილი სახელი და შენგან დატოვებული სითბო დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ლამარა ძვირფასი იყო.ნათელში იყოს შენი სული, ლამარა. იყალთოს კიდევ ერთი ლამაზი ადამიანი დააკლდა”.
