„აბსურდის თეატრი” გრძელდება, ისინი მთელი შემდეგი დღეების განმავლობაში ოპოზიციის კითხვებს მოუსმენენ, რომელსაც უკვე წლებია გაურბიან – გუშინ ჩვენ „ქართული ოცნებისაგან“ ძალიან დაბალი მოსწრება ვნახეთ, როდესაც მათ არც ერთ ძირითად კითხვაზე პასუხები არ გააჩნდათ და ამავე დროს ისიც კი ვნახეთ, რომ მათ ბრალი კარგად წაკითხული ან გააზრებული არ აქვთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ბევრ კრიტიკულ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, ისეთ კითხვებზე, რომლებიც არა მხოლოდ ოპოზიციისათვის, არამედ ქართული საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია.
„აბსურდის თეატრი გრძელდება, ისინი მთელი შემდეგი დღეების განმავლობაში ოპოზიციის კითხვებს მოუსმენენ, რომელსაც უკვე წლებია გაურბიან. შვიდი წელია, ეს რეჟიმი რეალურ დებატში არც ერთ საკვანძო საკითხზე არ დამჯდარა და აქედან გამომდინარე ისინი ფორმაში არ არიან, აღარ ახსოვთ, რას ნიშნავს სიმართლე და ყველა ის კრიტიკული კითხვა გესმოდეს, რაც არა მარტო ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხს ადარდებს. ამიტომაც ბევრი ასეთი კითხვის მოსმენა მოუწევთ, ბრალდების ფორმატში წარმოებული კითხვების, იმ ტიპის კითხვების, რომლებიც ამ კონკრეტულ ბრალდებასა და საქმეს მიემართება. რაც ამავე დროს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და სხვადასხვა მიმართულებას მიემართება, მათ მოუწევთ, რომ კითხვებს მკაფიო პასუხები გასცენ.
გუშინ ჩვენ „ქართული ოცნებისაგან“ ძალიან დაბალი მოსწრება ვნახეთ, როდესაც მათ არც ერთ ძირითად კითხვაზე პასუხები არ გააჩნდათ და ამავე დროს ისიც კი ვნახეთ, რომ მათ ბრალი კარგად წაკითხული ან გააზრებული არ აქვთ ის აბსურდული, 43-გვერდიანი, ძალიან სამარცხვინო დოკუმენტი, რაც აქ არის შემოტანილი, როგორც ბრალდება 5 პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. მე ვერ დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანები საკუთარ სქოლიოს თვითონ იცნობენ, მაგალითად, იმ წყაროებს, რასაც ციტირებენ და რაიმე წარმოდგენა გააჩნიათ, რეალურად, რა საფუძვლით უნდათ მილიონი ქართველის მიერ არჩეული პარტიების აკრძალვა“, – განაცხადა გეგელიამ.
