[კორპუსის] ნგრევის საფრთხე რეალურად არის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ფონიჭალაში განაცხადა, სადაც აფეთქება მოხდა.
მისივე თქმით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.
„გვაქვს უბედური შემთხვევა, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში,ასევე მუნიციპალური სამსახურები. პროაქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები, 4 პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში, მათგან ერთის მდგომარეობა სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა, ყველა კონტაქტურია. ასევე, სამწუხაროდ, ნანგრევებშია 7 პირი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი. შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებულია და ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებას. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა კონტაქტურია.
ნახევარი საათის წინ, გადმოიხარა საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა და ბიჭები უკანა მხრიდან მუშაობენ აქტიურად. ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩათვლას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო. ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა შს მინისტრმა.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებენ, აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.
