თბილისში, თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ნია იმნაძის ეპიზოდს განიხილავენ. დაცვისა და ბრალდების მხარეების შეკითხვებს უპასუხებენ გამომძიებლები, რომლებიც არასრულწლოვნის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ერთ-ერთი ის გამომძიებელი იქნება, რომელსაც მოკლული მასწავლებლის დედა მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებდა.
“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის ბრალდების საქმეზე წარმოვადგინეთ 5 გამომძიებელი დასაკითხთაგან. ერთი გახლავთ გლდანის ის გამომძიებელი, როდესაც საქმე პირველ ეტაპზე იყო მათ საგამოაძიებო დანაყოფში, მაშინ ახორციელებდა საქმეზე გამოძიების უფლებამოსილებებს და აღნიშნულ გამომძიებელთა შორის არის ერთ-ერთი გამომძიებელი თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან, რომელმაც უშუალოდ დაკითხა ნია იმნაძის მშობლები. თითოეული გამომძიებელი ისაუბრებს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით, შინაარსობრივ მხარეს ისინი არ შეეხებიან, უბრალოდ ფორმალურ ნაწილზე უნდა ისაუბრონ” – ამბობს საქმის პროკურორი ქეთი სონიძე.
მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე კი აცხადებს, რომ ნია იმნაძის გარემოცვის მხრიდან თავდასხმების სამიზნეა.
“ინტენსიურ რეჟიმში, აქტიურად, ნია იმნაძის ოჯახი, მისი ადვოკატი, მათი მეგობრები და ა.შ., მათი წრე აქტიურად თავს გვესხმის. ახლა რაც ხდება, სცილდება ყოველგვარ ზღვარს და წარმოიდგინეთ, ამას მეც კი არ ველოდი. უზრდელი სიტყვებით, საცინრად იგდებენ ამხელა მკვლელობას. ასე რომ, არავის არაფერს ვაპატიებ! როცა დავას დავიწყებ გიორგი ლეკიშვილთან, მე არ ავიყვან ადვოკატს და პირისპირ მე ვიბრძოლებ გიორგი ლეკიშვილის წინააღმდეგ და მაგას თავის აღქმებს, როცა იცის ადვოკატმა, რომ სიტყვა “აღქმას” ამოეფარება, თუ ამოეფარება, სწორედ მაგაშია საქმე, რომ ის თავის შეხედულებებს საუბრობს. არ მინდა, წინსწრებით ამ ყველაფერზე ვისაუბრო, გიორგი ლეკიშვილს დავაწვენ ბეჭებზე სამართლებრივად” – ამბობს ეკა კუპატაძე.
შეგახსენებთ, რომ ნია იმნაძეს ბრალდება წაქეზებას ედავება, რასაც მკველობა მოჰყვა.
