ცხოველთა უფლებადამცველები გეგმავენ, დახმარების თხოვნით პატრიარქს მიმართონ. მოქალაქეები ამისთვის ხელმოწერებს აგროვებენ. უფლებადამცველებს სურთ, პატრიარქმა და საპატრიარქომ ძაღლების სავარაუდო წამებისა და მოკვდინების ფატზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
მოქალაქეების თქმით, მათ ძაღლების თავშესაფარში შევსლის საშუალებას იმ საათებშიც აღარ აძლევენ, როცა ეს წესით დაშვებული იყო. ეს გარემოება მათ უმძაფრებთ ეჭვს, რომ ადმინისტრაცია იქ არსებულ მდგომარეობას მალავს.
“გუშინდელი დღიდან ვაგროვებთ საპატრიარქოსთვის მისამართად ხელმოწერებს, სადაც მის უწმინდესობას გვინდა, ვთხოვოთ, რომ ამ რთულ ვითარებაში, იმ ფორმით, როგორც საპატრიარქო ჩათვლის, გვერდში დაგვიდგნენ” – ამბობს აქტივისტი.
ცნობისთვის, ორი კვირის წინ “შაბათის ეთერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.
რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ – ორ რეისს აკეთებს.
“შაბათის ანონსის” გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა “ძაღლების სასაკლაო და სამარხები” იპოვეს და კადრები რედაქაციას მიაწოდეს.
