ლილოს დასახლებაში მოკლული ჟანა ხალილოვას მეუღლის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს.
მოკლულის ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ 34 წლის ქალი არა საკუთარმა შვილმა, არამედ შვილის მეგობარმა მოკლა:
“ისეთი ბიჭი იყო, რომ ასეთ რაღაცას ვერ იზამდა. ვფიქრობთ, რომ თავისმა მეგობარმა გააკეთა ეს იმიტომ, რომ მართლა არ იყო ისეთი ბიჭი, რომ საკუთარი დედა მოეკლა”, – ამბობს ახლობელი “მთავართან”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ნ.ხ., ხოლო ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის 2003 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.