ირაკლი ღარიბაშვილს მის მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებსა და საჯარო წერილში დასახელებულ პირებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლია – ამის შესახებ ექსპრემიერის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. უფლებადამცველის თქმით, ღარიბაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ და არა არაფორმალური გასაუბრების ფორმატში.
„ასეთ ფორმას [გასაუბრებას] არ ცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ირაკლი ღარიბაშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ მოხდა, ეს წამების ტოლფასი ქმედებებია! ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს, მაგრამ არა ამ გასაუბრებების და გაურკვეველი პროცედურების შედეგად, არამედ, გამოძიების დაწყების შემთხვევაში. რატომ არ დაიწყო გამოძიება ივლისში გაკეთებული განცხადების შემდეგ? – ამდენი დრო გავიდა. დაცვის მხარემ განცხადება შევადგინეთ და ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურაში“, – განაცხადა გელაშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი არ ნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი წერილში აღწერილ გარემოებებს არ ადასტურებს. პირიქით, მისი თქმით, ღარიბაშვილს დამატებითი დეტალების გასაჯაროება შეუძლია, მათ შორის წერილში ნახსენები მამუკა მდინარაძისა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
„დავალებით, ასე არ იყო. დავალებით იქნება თუ რაღაც, ეს არის წერილის ფორმატში გამოქვეყნებული. ირაკლი ღარიბაშვილს, გარწმუნებთ, უფრო მეტი აქვს სათქმელი ამ ფაქტთან დაკავშირებითაც და ამ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებითაც, ამიტომაც ითხოვს ის, ჩატარდეს კვალიფიციური გამოძიება.
სახელებსა და გვარებს ვინმე კი არ უარყოფს, არამედ, დაველოდოთ ირაკლი ღარიბაშვილის ჩვენებას გამოძიების დაწყების შემთხვევაში. მან გამომძიებლებსაც უთხრა, არ ჩათვალონ, დღევანდელ გასაუბრებაზე რადგან უარი განაცხადა, ეს იმიტომ მოხდა, რომ არ ადასტურებს იმ ფაქტებს, რაც წერილში იყო მოყვანილი, ან წერილს მიღმა არ შეუძლია მეტი კონკრეტიზაცია, არამედ გასაუბრების ფორმატი [არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს]“, – განაცხადა გელაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ღარიბაშვილმა გამოძიებას დამატებითი პირების ვინაობა დაუსახელოს, ადვოკატმა განაცხადა, რომ „არაფერს გამორიცხავს“. ამასთან, მან უარყო ვარაუდი, რომ ექსპრემიერს ციხეში წერილი მიხეილ შაყულაშვილმა შეუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოთქმული სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების შესახებ განცხადებების შესწავლა 10 ნოემბერს სახალხო დამცველმაც დაიწყო. დღეს ექსპრემიერს პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურატურის გამომძიებლები ესტუმრნენ, თუმცა მან გასაუბრებაზე უარი თქვა. ღარიბაშვილი გამოძიების დაწყებას და მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემას ითხოვს.
