ოპოზიციის ორგანიზებულ ე.წ. შაბათის მარშს ერთ-ერთი მონაწილე, თამუნა გიორგაძე ემიჯნება. ამჯერად ოპოზიციის აქტივისტების დაპირისპირების მიზეზი “შაბათის მარში” გახდა.
სოციალურ ქსელში აქტივისტმა დაწერა, რომ წყვეტს მარშში მონაწილეობას და არ სურს მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება. გიორგაძე უკმაყოფილოა ორგანიზატორების ქმედებებით. მის კრიტიკას პროტესტის მონაწილეების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოყვა.
აღნიშნულ თემაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, როცა აქცია მიზანდაკარგული და შინაარსგამოცლილია, იქ იწყება ბრალდებებიც.
“როდესაც რაღაცა აქცია მიზანს კარგავს და აქცია რჩება მხოლოდ აქციისათვის, ბუნებრივია, იქ წინააღმდეგობები იჩენს ხოლმე თავს. სწორედ ამასთან გვაქვს ახლა ჩვენ საქმე. როდესაც მიზანდაკარგული და შინაარსგამოცლილია აქცია, იქ უკვე იწყება ბრალდებების მთელი კასკადი ერთმანეთთან მიმართებაში.
ჩვენ იგივე სურათი ვიხილეთ პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის ბრალდებებით იყვნენ დაკავებულები. ანალოგიურ სურათს ვუყურებთ ახლაც ამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორისაც”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
