სწორედ ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციას, აფართოებს წარმოებას და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი აქვს.
„სწორედ ამიტომ ჩვენთვის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საზომია ის, თუ რამდენად ხელსაყრელ გარემოს ვქმნით ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა უკვე საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა იმ მიღწევების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2021-2025 წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საშუალოდ, ყოველწლიურად 9,5%-ით იზრდებოდა. ეს დინამიკა შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც, ეკონომიკური ზრდა 7,4% შეადგენს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საფუძვლიანი, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და კერძო სექტორის ზრდის აქტივობა“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ბიზნესთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად საქართველომ მდგრადი და სტაბილური განვითარება შეძლო.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გვაქვს. მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება და მათ შორის რეკორდული მაჩვენებლების მიღწევა მიმდინარე წელს. განსაკუთრებით საამაყოა რეკორდული მაჩვენებლები ექსპორტის სექტორში – საქონლის ექსპორტი მიმდინარე წელს უკვე 18%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 60%-ს გადააჭარბა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
