უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს.
“მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2 300-ზე მეტი დამრტყმელი დრონი, 1 590 საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 15 რაკეტა გამოიყენა.
ეს არის სასტიკი დარტყმები, რომლებთან გამკლავებაც რთულია. ღამით და დილითაც რუსებმა დაარტყეს ენერგეტიკულ ობიექტებს ზაპოროჟიეში, სუმის, ოდესის, ჟიტომირისა და კიროვოგრადის ოლქებში. დარტყმების ქვეშ მოექცა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დნიპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. რუსეთმა იერიშები მიიტანა დონეცკისა და კიევის ოლქებზეც. ამ დროისთვის ცნობილია 16 დაშავებულის შესახებ.
რუსები ქვესადგურებს „შაჰედებს“ უმიზნებენ. ამ დარტყმების დიდი ნაწილი მიზანს სწორედ იმიტომ აღწევს, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარეზე შეზღუდვები კვლავ ნარჩუნდება. ჩვენი გამანადგურებელი დრონები ოპერატორებთან კავშირს საათში 161 კილომეტრის სიჩქარეზე კარგავენ და რუსულ რეაქტიულ „შაჰედებს“ უბრალოდ ვერ ეწევიან. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნება. ამაზე პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლისა და უკრაინის ენერგეტიკის დაცვა ზამთრის წინ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ოფისის გუნდებს მიცემული აქვთ დავალება, მაქსიმალურად მჭიდროდ იმუშაონ ამერიკულ მხარესთან და SpaceX-თან. მნიშვნელოვანია ისტორიის სწორ მხარეს ყოფნა. საჭიროა უკრაინის დახმარება. მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს თავდაცვას.“ – ნათქვამია ზელენსკის დღევანდელ განცხადებაში.
