17 წლის შვილის მიერ მოკლული 34 წლის ქალის მეზობლები “მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებენ, რომ დაღუპული ქალი შველას ითხოვდა.
“საკუთარ შვილს გამოუჭრია ყელი, მერე გარდაბანში წასულა და ბებია-ბაბუისთვის უთქვია ასეთი რამ გავაკეთეო. ბაბუა ჩამოსულა და მერე მისულა ისიც, უღიარებია. ამ გოგოს უყვირია მიშველეთო და ერთი მეზობელიც არ შესულა, რომ დახმარებოდა”, – აცხადებს მეზობელი.
ასევე ერთერთი მეზობელი აცხადებს:
“მაგარი გოგო იყო, შეგნებით, გაგებით ყველანაირად. იძახიან მასე, რომ შვილმა მოკლა”.
თბილისში 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი 34 წლის ჟანა ხალილოვაა.
როგორც ირკვევა მას საკუთარმა შვილმა და მისმა მეგობარმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ნ.ხ., ხოლო ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის 2003 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.