კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო Catholic.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალციხის მერმა, ვარლამ წიკლაურმა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ, კათოლიკე ეკლესიას წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლისთავისთვის მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციისთვის საკონფერენციო დარბაზის გამოყოფაზე უარი უთხრა.
მათივე ცნობით, ორივე მათგანმა მიზეზად რემონტი დაასახელეს, თუმცა, არცერთ ობიექტზე სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს.
“კონფერენციამდე თვე–ნახევრით ადრე, 2026 წლის 23 სექტემბერს, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ოფიციალური წერილით მიმართა ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს და რაბათში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებული საკონფერენციო დარბაზის დათმობა სთხოვა.
წერილს ხელს აწერს სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე, რომელიც ამავდროულად, კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციის კანცლერია.
პასუხად, 2026 წლის 12 ოქტომბერს, ახალციხის მერმა უნივერსიტეტს წერილი დაუბრუნდა, სადაც რექტორი – ლექტორად მოიხსენია, სივრცის გამოყოფაზე კი უარი თქვა, ახალციხის ციხეზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.
13 ნოემბერს, კონფერენციამდე ერთი საათით ადრე, Catholic.ge–ს რედაქცია ციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც აღმოჩნდა, რომ საკონფერენციო დარბაზის მიმდებარედ არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს. უფრო მეტიც საკონფერენციო დარბაზში ყველა ინვენტარი ადგილზეა, მაგიდებისა და სკამების ჩათვლით.
მას შემდეგ, რაც ახალციხის მერიამ კათოლიკე ეკლესიას უარი უთხრა, ეკლესიამ საკონფერენციო დარბაზის თხოვნით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ ერთხელ მიმართა, ამჯერად საქმეში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის მცველები – პავლე ზაზაძის ოჯახი ჩაერთო, რომლებიც დღემდე ხშირად არიან დამფინანსებლები და მხარდამჭერები სამცხე–ჯაავხეთის უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო მიმართულებებისა
თავდაპირველად, უნივერსიტეტი დათანხმდა პავლე ზაზაძის სახელობის დარბაზის გამოყოფას, თუმცა კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალა. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ მამა აკაკი ჭელიძეს სატელეფონო ზარით შეატყობინა, რომ საკონფერენციო დარბაზს ვერ დაუთმობდნენ, რადგან საპირფარეშოს რემონტი იყო დაგეგმილი.
ისევე, როგორც ახალციხის ციხის შემთხვევაში, 12 ნოემბრის მონაცემებით, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის არცერთ საპირფარეშოში სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, ზუსტად 13 ნოემბერს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის იგივე შენობის 208–ე აუდიტორიაში დაგეგმილია ფილმის ჩვენება, სახელწოდებით “მამა”. 14–15 ნომბერს კი მეწარმეთა ტრენინგები, რომლის შესახებაც უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდი გვამცნობს” – წერს Catholic.ge.
