აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულ ქართველ მოჭიდავეებსა და მერაბ დვალიშვილს დღეს გათავისუფლებას ელოდებიან – ამის შესახებ საბა ლაზიშვილის მამამ, ანზორ ლაზიშვილმა განაცხადა. ანზორ ლაზიშვილის განცხადებით, ოჯახის იმედს ისიც აძლიერებს, რომ ხვალ აბუ-დაბიში შეჯიბრებაა დაგეგმილი, რომელშიც მისმა შვილმა მონაწილეობა უნდა მიიღოს.
„დამიკავშირდნენ მთავრობის მაღალი ეშელონებიდან. ვიცი, რომ დღეს პრემიერი ჩამოვა და ჩაერთვება. საქმე პირადად პრემიერ-მინისტრის კონტროლზე იქნება. ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ. როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. დღეს გარეთ უნდა გამოვიდნენ. ხვალ აბუ-დაბიში ჭიდაობა ტარდება და ბიჭმა უნდა იჭიდაოს. მამშვიდებს ის, რომ მთავრობა ჩართულია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“ – უთხრა ინტერპრესნიუსს საბა ლაზიშვილის მამამ, ანზორ ლაზიშვილმა
11 ნოემბერს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი მის თანმხლებ პირებთან ერთად დააკავეს. იზოლატორში იმყოფებიან თავად დვალიშვილი და ლაზიშვილიც
