ტელეფონები, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომელიც ჩაატარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ამოღებული იყო სხვა პირად ნივთებთან ერთად, რაც დალუქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა,- ამის შესახებ ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის საქმის პროკურორმა, დავით დევიძემ განაცხადა, რითაც დავით ფეიქრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ტელეფონები ამჟამად ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
„სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, რადგან დარღვეული იყო შუამდგომლობის დაყენების კანონიერი წესი და დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა პროკურორის ობიექტურობის საკითხი, ანუ ობიექტურობასთან დაკავშირებული ეჭვის ნიშნები. ვინაიდან დაცვის მხარემ დაარღვია საკანონმდებლო მოთხოვნა, ასევე ვერ დაასაბუთა შუამდგომლობა, ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა სასამართლომ და არ დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა.
რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილის განცხადებას მის ტელეფონთან დაკავშირებით, ტელეფონები, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომელიც ჩაატარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ამოღებული იყო სხვა პირად ნივთებთან ერთად, რომლებიც დალუქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. როგორც საქმით დგინდება, შენახვის ადგილად მითითებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა.
აღნიშნული ტელეფონები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
ასევე, როდესაც დავით ფეიქრიშვილის დედა აკეთებდა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავითს მისცემოდა საშუალება, რომ ოჯახის წევრებს დაკავშირებოდა”,- განაცხადა დავით დევიძემ.
ცნობისთვის, დაკავებულ დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, ვატო ყიფიანი და შოთა ყიფიანი, მასთან საკანში ტელეფონების გასახსნელად შეუშვეს. როგორც ბრალდებული აცხადებს, საკანში შესვლის შემდეგ, მათ დაურეკეს გიჩო მარგველაშვილს, რომელმაც კამერის მეშვეობით დავით ფეიქრიშვილს მისი პირადი ტელეფონი დაანახა და აღნიშნული ტელეფონის პაროლი მოსთხოვა.
