იტალიის ქალაქ ნეაპოლში სამართალდამცველებმა 53 წლის ქართველი ქალი დააკავეს, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძარცვა ედება ბრალად. ინფორმაციას ERMES TV იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RAI-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა მიმდინარე წლის ივნისში, ნეაპოლის პიედიგროტას უბანში მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ქალმა, რომელსაც ოჯახში მომვლელად სულ რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, საკვებში საძილე მოქმედების ნივთიერება დაამატა. წყვილმა მიირთვა ლობიოს წვნიანი, რომელშიც ნარკოტიკული მოქმედების პრეპარატის რამდენიმე წვეთი იყო შერეული.
გამოძიების ვერსიით, ქალმა პრეპარატის ზემოქმედების შემდეგ სახლიდან 50 000 ევრო ნაღდი ფული და დაახლოებით 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა. საერთო ზარალმა 150 000 ევრო შეადგინა.
დანაშაულის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევა ასევე ხანდაზმული ქალი, რომელიც იმავე საცხოვრებელში იმყოფებოდა.
შემთხვევის შემდეგ მომვლელმა მიმალვა მოახერხა.
დაზარალებულების მიერ მიწოდებული აღწერილობისა და კრიმინალისტიკური შემოწმების შედეგად პოლიციამ ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი დაადგინა და ის დააკავა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებისას ქალს აღმოაჩნდა ფლაკონი იმავე საძილე მოქმედების პრეპარატით, რომელიც დაზარალებულების მიერ მიღებულ საკვებში იყო აღმოჩენილი.
გარდა ამისა, მას ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტი, რომელზეც მისი ფოტოსურათი იყო დატანილი, თუმცა დოკუმენტი სხვა პირის სახელზე იყო გაცემული.
სასამართლომ დაკავება კანონიერად ცნო და ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
