საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს აზბესტის საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების თაობაზე წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, 2026 წლის 29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში „აზბესტთან დაკავშირებული საფრთხეები საქართველოში – შრომითი უსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვა და ჯანსაღ გარემოზე უფლება“.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიშში, სხვა გამოწვევებთან ერთად, გამოიკვეთა, რომ აზბესტის საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ცნობიერება დაბალია.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) კვლევები ცალსახად ადასტურებს, რომ აზბესტის ზემოქმედება იწვევს ისეთ სერიოზულ და ხშირად ფატალურ დაავადებებს, როგორიცაა მეზოთელიომა, აზბესტოზი და ფილტვის კიბო. ამასთან, საქართველოში აზბესტ-ცემენტის მასალების (ე.წ. „შიფერის“) მასობრივი დემონტაჟის ან ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა არ განხორციელებულა. შესაბამისად, საცხოვრებელი, საჯარო და სამრეწველო ნაგებობების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე შეიძლება შეიცავდეს ამ სახიფათო მასალას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2026 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით 48 მუნიციპალიტეტში ჩაატარეს ცნობიერების ამაღლების 102 შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებთან.
„შეხვედრებმა აჩვენა, რომ აზბესტის საფრთხეების შესახებ ცნობიერება დაბალია როგორც მოსახლეობაში, ისე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებში.
მონაწილეები სისტემატურად სვამდნენ კითხვებს, რომლებზეც ოფიციალური, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არსებობს. მათ შორის, აინტერესებდათ:
როგორ უნდა გაიწმინდოს უსაფრთხოდ ტერიტორია დამტვრეული შიფერისგან;
რა ქმედებები უნდა განხორციელდეს, თუ აზბესტის შემცველი მასალა აღმოჩნდა სკოლაში, საბავშვო ბაღში ან სხვა საზოგადოებრივ შენობაში;
ვის უნდა მიმართოს პირმა, თუ მეზობელი აზბესტის შემცველი სახურავის დემონტაჟს არასწორად ახორციელებს;
არსებობს თუ არა აზბესტის შემცველი მასალების (მაგ. ე.წ. შიფერის) ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდგომ აზბესტის ჰაერში გაფრქვევის პრევენციის საშუალებები (მაგ. აზბესტის შემცველი მასალების მოვლის საშუალებები);
საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, როგორია არის აზბესტის შემცველი მასალების დემონტაჟის/უტილიზაციის უსაფრთხო პროცედურა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორს – შესაძლებლობის ფარგლებში დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები აზბესტის საფრთხეებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
