“საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი ეფუძნება არა მხოლოდ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, არამედ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და დასაბუთების მაღალ სტანდარტს”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იცვლება ის ძირითადი ღირებულებები, რომელთა დაცვის მიზნითაც საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა.
“დღეს, 30 წლის იუბილეზე მე პირადად თავს მივცემ უფლებას ვთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი ეფუძნება არა მხოლოდ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, არამედ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და დასაბუთების მაღალ სტანდარტს. შეგახსენებთ, რომ დღეს სამყარო დგას ახალი გამოწვევების წინაშე, იცვლება საზოგადოება, სახელმწიფო შესაძლებლობები, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული მეთვალყურეობა აზრის გამოხატვის, თავისუფლების ახალ-ახალი სივრცეები, ახალ-ახალი ტექნოლოგიები, რომელთა წარმოდგენაც 30 წლის წინ ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იცვლება ის ძირითადი ღირებულებები, რომელთა დაცვის მიზნითაც საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
