რატომ გახშირდა პიტბულის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები და რა შეიძლება იყოს ძაღლის აგრესიის მიზეზი? – ვეტერინარის განმარტება და რჩევები
ბოლო პერიოდში საქართველოში პიტბულის ჯიშის ძაღლების თავდასხმის რამდენიმე მძიმე შემთხვევა მოხდა. ივნისში ვარკეთილში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ქალი დაგლიჯა, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა.
მოგვიანებით, თელავში პიტბული პატრონს დაესხა თავს. ქალმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო, მათ შორის თვალის არეში, ხოლო მისი გადარჩენისთვის ძაღლის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. სულ ახლახან კი ცნობილი გახდა ფოტოგრაფ ანა ყაჭეიშვილისმძიმე მდგომარეობის შესახებ – გავრცელებული ინფორმაციით, ქალს საკუთარი პიტბული დაესხა თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. ექიმებმა მისი მარცხენა ხელის შენარჩუნება რთული ოპერაციის შედეგად შეძლეს.
ეს შემთხვევები კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს:
რამდენად სამართლიანია მოსაზრება, რომ პიტბული გენეტიკურად უფრო აგრესიულია, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები? რა როლი აქვს აღზრდას, გარემოსა და პატრონის დამოკიდებულებას? რატომ შეიძლება წლების განმავლობაში პატრონთან მცხოვრები ძაღლი მოულოდნელად მას დაესხას თავს? არსებობს თუ არა გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თავდასხმის დროს?
ამ საკითხებზე ვეტერინარ თორნიკე ბალალაშვილს ვესაუბრეთ
– ბატონო თორნიკე, რამდენად სწორია მოსაზრება, რომ პიტბული გენეტიკურად უფრო აგრესიულია, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები?
– ლაპარაკს ჩემი, პირადი ისტორიით დავიწყებ. ბავშვობიდან სულ მყავდა ცხოველები, მათ შორის ძალიან ბევრი ჯიშის ძაღლი. ვერ ვიტყვი ხელაღებით რომელიმე ჯიშზე, რომ ისეთი რთული ხასიათის ყოფილიყოს, ერთხელაც კი დაეშავებინოს ადამიანისთვის რამე.
დიახ, მთავარი გაზრდაა. ძაღლი არ უნდა აჩხუბო, აგრესიას არ უნდა მიაჩვიო. თუ ცხოველი მზრუნველ გარემოში იზრდება, სიყვარულს გრძნობს და ბავშვებთანაც აქვს ურთიერთობა, ის არ გაიზრდება აგრესიულად. ძაღლი ასაკში როდესაც შედის, ამ შემთხვევაში უკვე აზროვნება ეცვლება და უფრო აგრესიული ხდება. მაგრამ თუ ლეკვობიდან ზრუნვაში, სითბოში იზრდება და აგრესიას არ აჩვევენ, მაშინ არც ასაკშია საშიში.
– თუმცა თქვენი საუბრიდან მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ პიტბული სხვა ჯიშის ძაღლებისგან განსხვავდება.
– ასე ყველა ძაღლი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგრამ შეიძლება, სულაც არ იყოს პიტბული აგრესიული და, მაგალითად, გერმანული ნაგაზი ან ლაბრადორი აღმოჩნდეს მასზე მეტად აგრესიული. მქონია შემთხვევები, როცა აგრესიულ ძაღლებთან მქონია შეხება. ლაბრადორი ყოფილა, გერმანული ნაგაზი და, კიდევ, სხვა ძაღლები. პიტბულები კი ძალიან მშვიდები და წყნარები ყოფილან. მე ვფიქრობ და ვამბობ, რომ ყველაზე მეტად გაზრდაზეა დამოკიდებული და არა ძაღლის ჯიშზე.
თორემ ერთადერთი განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ პიტბულს უფრო ძლიერი ყბა აქვს და შეუძლია ადამიანს მძიმე დაზიანება მიაყენოს, ვიდრე ლაბრადორმა. თუმცა მაინც იქამდე მივდივარ, რომ ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული.
– თქვენ ახსენეთ, რომ ძაღლებს აჩხუბებენ. ბოლო ორი შემთხვევა თელავში თუ გახსოვთ: ერთი თვის წინ საკუთარ პიტბულს ახალგაზრდა ქალი დაგლიჯა, ახლა კი მეორე შემთხვევა, რომლის შესახებაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ასევე ქალი პატრონი აღმოჩნდა. ქალი პატრონებისგან ცოტა წარმოუდგენელია, რომ ძაღლს აგრესიულად ზრდიდნენ ან აჩხუბებდნენ.
– მაინც გააჩნია, ვისი გაზრდილია. ერთ ისტორიას მოგიყვებით. პიტბული მყავდა, მაშინ დაახლოებით 20 წლის ვიქნებოდი და ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი.
არც ისეთი დიდი გამოცდილება მქონდა ვეტერინარიაში. კურდღელი გამიხდა ცუდად სამი დღე იწვალა და დაიღუპა. ავადმყოფობისას აივანზე მყავდა გაყვანილი. ჩემი პიტბული იმ კურდღელთან ჩახუტებული ჰქონდა თათი, თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. ვიდრე არ მოკვდა, იქამდე ძაღლს საჭმელი არ უჭამია. აი, ეს არ დამავიწყდება.
განაგრძეთ კითხვა …https://www.ambebi.ge/article/351739-ratom-gaxshirda-pitbulis-adamianze-tavdasxmis-shemtx/
