ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“მხოლოდ ამ ღამით რუსების დარტყმების ქვეშ მოექცა ჩვენი ენერგეტიკა ოთხ ოლქში: დნიპროპეტროვსკის, ვინიცის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის. ეს არის ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც ჩვენი ხალხის საცხოვრებელ სახლებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფენ. ყველგან მუშაობენ სარემონტო ბრიგადები. ამ დროის მონაცემებით, ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
მუდმივად გრძელდება რუსეთის მასშტაბური შეტევები უკრაინის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეც. ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1 940 დარტყმითი დრონი, 1 580-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 44 რაკეტა გაუშვა, მათგან 36 – ბალისტიკური. დარტყმების ინტენსივობა ძალიან მაღალია და რუსები ცდილობენ მაქსიმალურად ისარგებლონ ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდები ჩამჭრელების დეფიციტით.
ყოველდღიურად ვსაუბრობთ პატრიოტის რაკეტების საჭიროებაზე ამერიკასთან, ევროპასთან და სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ. ამ თვეში იყო აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ახალი გადაწყვეტილებები უკრაინისთვის ახალი პაკეტების შესახებ. თუმცა ეს მიწოდებები წლობით ვერ დაიცდის. რუსეთი სწორედ ახლა
ანგრევს ინფრასტრუქტურას, კლავს ჩვენს ხალხს და ამ ზამთარს ფსონს ბალისტიკაზე დებს. შესაბამისად, საჰაერო თავდაცვის შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელებაც ახლავეა საჭირო. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის ცის დაცვას მხარს უჭერს“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
