ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე.
„სინამდვილეში ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა და საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. შესაბამისად, აქ არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე თვითონ, მაგალითად, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელო არის ის ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტი ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ლობისტებს, რეალურად, ლობისტები კი არ ჰყავს, ინიციატორები ჰყავს ამ კანონონპროექტს. კიდევ ერთხელ, ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს გავიგე მას შემდეგ, რაც დაინიცირდა, მერე გაკეთდა კონკრეტული განცხადებები. იმიტომ არ ვიცოდი, რომ ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
