საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსჯავრდებულს პატიმრობის თავიდან აცილება გირაოს გადახდით ან დანაშაულის აღიარებით შეეძლო.
მისი განმარტებით, კანონმდებლობა გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პატიმრობას ითვალისწინებს, შესაბამისად, „საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა თავად ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებაა“. კახიანმა აღნიშნა, რომ ბევრად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, რომლებიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ და დანაშაულს ინანიებენ, საპროცესო შეთანხმებით ტოვებენ საპატიმროებს.
„ელენე ხოშტარია რისთვის იხდის სასჯელს? ელენე ხოშტარიას შეეძლო გადაეხადა გირაო. მას სასამართლომ გირაო შესთავაზა, რაც მან არ გადაიხადა. ამიტომ, კანონი ითვალისწინებს, რომ თუ გირაოს არ იხდი, შემდგომში ის უკვე პატიმრობით შეიცვლება.
რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, როგორც სასჯელის ზომას, აქაც მარტივად შეეძლო ეღიარებინა დანაშაული, რაც ჩაიდინა. მან რომ დანაშაული ჩაიდინა, ეს ხომ ძალიან კარგად იცის; იგი დღეს არ იქნებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, ანუ მისი გადაწყვეტილებებია ასეთი.
კანონმდებლობის მიხედვით, დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ მას შეეძლო, თავისუფლების აღკვეთის ზომა მის მიმართ არ გამოყენებულიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას სასამართლომ დააკისრა 5000-ლარიანი გირაო. არ გადაიხადა, რადგან იცოდა, რომ თუ გირაოს არ გადაიხდიდა, მოუწევდა პატიმრობა.
დღესაც რას ვხედავთ დღევანდელი ფაქტებით? ელენე ხოშტარია კი არა, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირები, რომლებმაც ითანამშრომლეს სახელმწიფოსთან, აღიარეს და მოინანიეს თავისი დანაშაული, საპროცესო შეთანხმებებს აფორმებენ და საპატიმრო დაწესებულებებს ტოვებენ. ბევრმა დატოვა და ბევრიც კიდევ დატოვებს. ქალბატონ ელენესაც თავისი დანაშაული რომ ეღიარებინა, იგი დღეს არ იქნებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. გადაეხადა თავის დროზე 5000-ლარიანი გირაო და იგი არ იქნებოდა პატიმრობაში. ასე რომ, ეს მისი გადაწყვეტილებაა. არ ვიცი დეტალები, არავის ვუსურვებ ჯანმრთელობა დაუზიანდეს; სხვა კუთხითაც გითხარით მასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება“, – აცხადებს გაგა კახიანი.
