უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში მათი საერთო ქალიშვილის, ჟასმინის ფოტოს გამოქვეყნებას ეხმაურება.
იასკო აცხადებს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვის ფოტოების ნებართვის გარეშე გავრცელებასა და პირადი მიზნებისთვის გამოყენებას.
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ჩვენი შვილების ფოტოების გამოქვეყნებას და პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ნებართვის გარეშე. არავის ვაძლევ ჩემი შვილის ფოტოს გამოქვეყნების უფლებას!
მინდოდა, კომენტარისგან თავი შემეკავებინა და მთელი ამ წლების განმავლობაში ვდუმდი ბავშვის პირადი სივრცისა და უსაფრთხოების დასაცავად. მაგრამ ეს არ გამოდის. ბავშვების გამოყენება პიარისთვის დაუშვებელია!“- წერს ლიზა იასკო სოციალურ ქსელში.
იასკოს განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქალიშვილის ფოტოს გამოქვეყნება. სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შვილი ძალიან ენატრება და პატიმრობის გამო მასთან შეხვედრას ვერ ახერხებს.
გამოქვეყნებულ ფოტოზე პატარა ჟასმინი ბებიასთან, გიული ალასანიასთან ერთად არის გადაღებული.
