„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე, სამშობლოსთვის არ მიღალატია და საბოტაჟი არ ჩამიდენია“, – ამის შესახებ „ასავალ-დასავლის“ რედაქტორმა დიტო ჩუბინიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ჟურნალისტი, რომელსაც პროკურატურა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება, ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის მცდელობად აფასებს.
“ვარ რეჟიმის პოლიტიკური ტყვე, მე სამშობლოსთვის არ მიღალატია, არანაირი საბოტაჟი არ ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე.
არა ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“, – თქვა სასამართლოში დიტო ჩუბინიძემ.
„ასავალ-დასავლის“ რედაქტორი დიტო ჩუბინიძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საბოტაჟისა და ქვეყნის ღალატის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”. მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
წარდგენილი ბრალდებით, დიტო ჩუბინიძეს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
