საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე არ დააკმაყოფილა ლელო-ძლიერი საქართველოს შუამდგომლობა, რომელიც საკონსულტაციო დასკვნის მიზნით, ამ სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას შეეხებოდა.
პლენუმის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.
“პლენუმმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენდობიან […] ის, რომ მხარე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობიო, მით უმეტეს პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია […]
ობიექტურად, ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი, უპრეცედენტოა, პირველი პრეცედენტია, მაგრამ ამ საფუძვლით საქმის სტრასბურგის სასამართლოში საკონსულტაციოდ გაგზავნა სრულიად დაუსაბუთებელია […] ეროვნულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰკითხოს, რომ თუ შეიძლება მოპასუხედ 5 პარტია ერთად იყოს, ცოტა არ იყოს, უხერხულიც არის”. – თქვა ნადარაიამ.
ლელოს წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ მოითხოვა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო საასამართლოს მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რათა ამ სარჩელზე წარმოედგინა საკონსულტაციო დასკვნა პარტიების აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ამ დრომდე გრძელდება. სხდომა 23 ოქტომბერსაცაა ჩანიშნული.
