ნიკა გვარამიას შეფასებას, რომ “კატასტროფაა”, რასაც “ქართული ოცნება” სარჩელში წერს, პარტიების აკრძალვის სარჩელის ავტორების გაღიზიანება მოჰყვა.
არჩილ გორდულაძემ მოსამართლეთა კოლეგიის ხელმძღვანელს მიმართა, რომ ამით გამომსვლელი მათ “შეურაცხყოფას” აყენებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
