სახალხო დამცველი, მსჯავრდებულ დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინფორმაცია, რომ თითქოს 19 ოქტომბერს პირადად სახალხო დამცველი იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის მონახულების მიზნით, არ შეესაბამება სიმართლეს.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 19 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარმა ინფორმაცია არ მიაწოდა, დავით ფეიქრიშვილის დედისა და ადვოკატის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.
დავით ფეიქრიშვილის მონახულების მოთხოვნა სახალხო დამცველის აპარატში 2026 წლის 19 ოქტომბერს შემოვიდა. პატიმართან იმავე დღეს განხორციელდა ვიზიტი, თუმცა მან უარი განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრასა და გასაუბრებაზე.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 19 ოქტომბერს პირადად სახალხო დამცველი იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის მონახულების მიზნით, არ შეესაბამება სიმართლეს.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 19 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარმა ინფორმაცია არ მიაწოდა, დავით ფეიქრიშვილის დედისა და ადვოკატის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა.
კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა 2026 წლის 20-21 ოქტომბერს: (1) დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული დანაშაულის თაობაზე მიმართა საგამოძიებო უწყებას; (2) პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მიმართა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს; (3) დავით ფეიქრიშვილის საკანში განთავსებისა და მასთან ერთად მედიაში დასახელებული სხვა პატიმრების განთავსების დეტალებთან დაკავშირებით, ასევე ვიდეო მეთვალყურეობისა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ მიმართა N8 პენიტენციურ დაწესებულებას; (4) დავით ფეიქრიშვილის განთავსების საკანსა და მიმდებარე დერეფანში ვიდეო მეთვალყურეობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მიმართა პენიტენციურ სამსახურს.
2026 წლის 22 ოქტომბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განმეორებითი ვიზიტი განახორციელეს დავით ფეიქრიშვილთან, კლინიკა „ვივამედში“. ამჯერად მან სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის, მიუთითა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე. ასევე, განმარტა, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებასაც, 2026 წლის 21 ოქტომბერს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის გამოძიება დაუქვემდებაროს პროკურატურის ორგანოებს, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის, რათა გამოძიებამ მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში
