მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიის გაუქმებას, საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, რომ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა და არანაირად პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული – არადა, როდესაც პოლიტიკურ პარტიებზე, ქვეყანაში დემოკრატიაზე არის საუბარი, პოლიტიკური კონტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სწორედ პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით გაამართლონ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღებენ.
„გუშინდელ სხდომაზე ნათლად გამოკვეთა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიის გაუქმებას, შესაბამისად საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკურ-სამართლებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, რომ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა და არანაირად პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული. არადა, როდესაც რეალურად, პოლიტიკურ პარტიებზე, ქვეყანაში დემოკრატიაზე არის საუბარი, პოლიტიკური კონტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ მოსამართლეები მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით, „გააპრავონ“ ის სამომავლო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ. დღეს იქნება მორიგი პროცედურული საკითხები განხილული. საკმაოდ საინტერესო შუამდგომლობები იქნება ჩვენი მხრიდან, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს ბევრ იმ ბრალდებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს თავის სარჩელში. თუ დააკმაყოფილებენ მოსამართლეები [შუამდგომლობას], ეს კიდევ ერთი დამატებითი ტესტი იქნება მათ ობიექტურობასა და სამართლიანობაზე”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
