საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობს.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით დინამიკურად ვითარდება, რასაც მაღალი დონის ვიზიტების მზარდი ინტენსივობა და ყაზახეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკებთან სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარება ადასტურებს.
„განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო პერიოდში როგორც საქართველოს, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპი. შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენი და მათი სტრატეგიული მიზნები ეკონომიკური თვალსაზრისით თანხვედრაშია“, განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ბათუმში გამართული შეხვედრა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.
„ვფიქრობთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხელს შეუწყობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების უფრო მჭიდროდ თანამშრომლობას, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, დაკავშირებადობის გაძლიერებას. იმედი გვაქვს, რომ ამ ტიპის და ამ ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
