“კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!” – კახა კალაძე გიორგი ნემსაძის შესახებ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვეტერანი ფეხბურთელის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.
“ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებას გამოაკლდა მეგობარი, გულშემატკივარი, ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და ერთგულებით ქართველი გულშემატკივრების დიდი სიყვარული მოიპოვა.
გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა, ჩვენ კი დაგვიტოვა ისტორია ძმობის, გუნდურობის, თავდადების და საერთო ძალისხმევით წარმატებების მიღწევის.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენს სპორტულ საზოგადოებას, ქართველ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს! კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!” – წერს კალაძე.
ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გიორგი ნემსაძის გარდაცვალების მიზეზი.
