პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატ პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე პირმა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა (“კაწრო“) ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
“ვადასტურებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, ეს ფიზიკური დაზიანებები მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ, დავით ფეიქრიშვილის გადმოცემით, მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. აღნიშნული პიროვნებები 16 ოქტომბერს შეუსახლეს მას საკანში, ამის მერე მოხდა, რაც მოხდა. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედებები, მიდის მასზე ფიზიკური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები“, – განაცხადა პაატა გოგიაშვილმა. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ პატიმრები, რომლებიც ფეიქრიშვილის საკანში არიან შესახლებულები სარგებლობენ მობილური ტელეფონით და “პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან… ორივე ძმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ პენიტენციურ დაწესებულებას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორს პატარიძეს, მე-8 საპყრობილის დირექტორს, მის მოადგილეებს, უსაფრთხოების უფროსს და რეჟიმის უფროსს“, – თქვა ადვოკატმა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.
“დათო ფეიქრიშვილი “ვივამედშია“ გადაყვანილი. ზუსტი დიაგნოზი არ ვიცი, მაგრამ მას 5 ნეკნი აქვს გატეხილი, სახის ძვლები დამტვრეული და აღენიშნება სისხლჩაქცევები. ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მარცხენა ხელი აქვს გადაჭრილი, თვითდაზიანება მიიყენა – გუშინ გასასაუბრებლად ამოვიყვანე შეხვედრის ოთახში, სადაც მან მინა ჩაამტვრია და იმით გადაიჭრა ხელი თვითგადარჩენის მიზნით, რათა იმ საკნიდან გამოეყვანათ (სადაც ვატო და მისი მეგობრები აწამებდნენ). ის მანამდე სხვაგან იჯდა და ცემის წინა დღეს გადმოიყვანეს ისეთ საკანში, სადაც ვიდეოკამერა არაა. დეპარტამენტმა და ციხის ადმინისტრაციამაც მშვენივრად იცოდნენ, რომ წლებია, მათ შორის დაპირისპირება იყო, მაგრამ რატომ მოხვდნენ ისინი ერთ საკანში, წარმოდგენა არ მაქვს. აშკარაა განზრახ, მიზანმიმართულად მოათავსეს ერთად ეს პატიმრები. ისინი დათოს ტელეფონის პაროლს და კოდს ითხოვდნენ (დათოს ტელეფონი საგამოძიებო ორგანოშია, მეორე მხარეს კი თან ჰქონდა მობილური). კონკრეტულად ვინ ითხოვდა მისი ტელეფონის კოდს, ეს არ ვიცი, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ვისთანაც იყო ტელეფონი დატოვებული, კოდიც მას სჭირდებოდა. რას ეძებდნენ არ ვიცი, შესაძლოა სჭირდებოდათ დათოს პირადი ინფორმაცია, ინფორმაცია ოჯახზე, სამეგობრო წრეზე, არ ვიცი… დათოს გადმოცემით, ეს ხუთეული დეპარტამენტის ხელმძღვანელ პატარიძესთან იყო კავშირზე, იქიდან ესაუბრებოდნენ და კითხულობდნენ, გაიგეს თუ არა რამე, მოიპოვეს თუ არა ინფორმაცია, კოდი… დათოს, რა თქმა უნდა, არ მიუცია პაროლი. გუშინ გიორგიმაც მიიყენა თვითდაზიანება საკანში – დათოს გადარჩენის მიზნით მარცხენა ხელზე ვენები გადაიჭრა. შესაძლოა, “ლარიოკში“ იყიდა ბრიტვა _ ელემენტარული ჰიგიენაა წვერის გაპარსვა და ამიტომ ჰქონდა. წესით და კანონით, ახლა გამოძიება უნდა იყოს დაწყებული. გუშინ ტელევიზიით მივმართე გენერალურ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავე პირები. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ვინ იქნება – ციხის თანამშრომელი, პატიმარი თუ სხვა. ვისაც აღნიშნულ დანაშაულში ხელი მიუწვდება, ყველა დასასჯელია. აქ მარტო ძალადობაზე არაა ლაპარაკი, თავისუფლების უკანონო აღკვეთაზეც. ასევე, ვითხოვთ ვიდეო კამერების ამოღებას“.
როგორც ტყუპი ძმა ფეიქრიშვილების დედა ნინო აბრამიშვილი აცხადებს, მის ერთ-ერთ შვილს, დავით ფეიქრიშვილს საკანში ფიზიკურად დაუპირისპირდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და კიდევ ოთხი პირი. შედეგად, დედის თქმით, მის შვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილის მოტეხილობები აქვს. ნინო ფეიქრიშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, თვითდაზიანებები მიიყენა მისმა მეორე შვილმა, გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც სხვა საკანში ზის.
“სცენარი დადგეს და ვატო ყიფიანი და სხვები ტყუილუბრალოდ ვითომ დაიჭირეს. ხუთი ადამიანი: ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე “კაწრო“), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე შეუსახლეს საკანში, ჩაუტეხეს ხუთი ნეკნი, მოტეხილი აქვს ორივე მხარეს ყბის ძვლები. როგორც მეუბნებიან, თავის არეში აქვს ჰემატომა. წუხელ გადაიყვანეს კლინიკა “ვივამედში“, მაგრამ იქ არ დატოვეს, კვლავ დააბრუნეს უკან ასეთი მძიმე ავადმყოფი. მთელი ღამე კვლავ ზეწოლის ქვეშ იყო. ეტყობა, აწამებდნენ. გოგას ვენები გადაუჭრია. მასზე არაფერი ვიცი. მამაომ ნახა დათო, მაგრამ გოგა არ უნახავს. ისიც გადასაყვანია იმიტომ, რომ ნაკერები არ ადევს. იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“ – აცხადებს ბრალდებული ძმების დედა, ნინო აბრამიშვილი.
ნინო აბრამიშვილი ამბობს, რომ პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, სადაც ბევრ რამეზე ღიად ისაუბრებს:
“ძალიან მინდა პრესკონფერენციის ჩატარება და ყველა ტელევიზიის და ჟურნალისტის შეკრება. პირდაპირი ეთერი მინდა და ყველა ჟურნალისტის დაცვა მჭირდება. საშუალება თუ მომეცა, ყველაფერს ღიად ვიტყვი. პენიტენციური სამსახური ამბობს, დათოზე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილაო, რაც ტყუილია. თვითონაც ექიმი ვარ და მათ ვუთხარი, ასეთი დაზიანებებით როგორ გაუშვით ჩემი შვილი კლინიკიდან-მეთქი, “ვივამედში“ მითხრეს, რომ ამას წყვეტს პენიტენციური სამსახური, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვსო. მერე დადეს განცხადება, ეს ტყუილია და მოგონილიო. დათოს 5 ნეკნი აქვს გატეხილი, ორივე ყბის ძვალი ჩატეხილი, სამი ჰემატომა თავზე, ყურზე და თვალებზეც – სილურჯე, საშინელი დასანახია.. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი ლამის ტირილით გამოვიდა. ადვოკატიც იქ იყო, როცა ამდენი ხალხის წინაშე დათომ ვენები გადაიჭრა იმიტომ, რომ შველას ითხოვდა, მთელ ციხეზე ყვიროდა, მიშველეთო. გოგა არ გვინახავს, მაგრამ ვიცით, რომ მას პროტესტის ნიშნად ვენები აქვს გადაჭრილი, ძმას რომ რამით დაეხმაროს“.
სპეციალური პენიტენციური სამსახური დედისა და ადვოკატის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და პატიმარმა თავად მიიყენა დაზიანებები.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.
ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან“.- ნათქვამია განცხადებაში.
კლინიკა “ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.
“დავით ფეიქრიშვილი კლინიკა “ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზიანებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებაში მოგაწვდიან. დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილი იყო N18 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თბილისში დააკავეს თავდაპირველად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით, თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან. რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს (“კაწრო“), რომლებიც ასევე “ავტორიტეტებად” მოიხსენიებიან კრიმინალურ სამყაროში, ისინი გასულ კვირას დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან. ისიც ცნობილია, რომ მათ შორის წლებია დაპირისპირებაა.
