ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფლების მოედანმა“ დააანონსეს.
როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა ქვეყანაში კონსტიტუციური თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. მათივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზას კეტავს და პირადი ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს“.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
