საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ევა გოცირიძე ვარაუდობს, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 3 დღე არ ეყოფა.
გოცირიძის თქმით, სარჩელის განხილვა სავარაუდოდ შემდეგ კვირაშიც გაგრძელდება.
“არ მგონა (რომ სამ დღეში მოვასწროთ). სავარაუდოდ გაგრძელდება შემდეგ დღეებში” – უთხრა “ტვ პირველს” ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლისას.
“ტვ პირველემა” კითხვა დაუსვა მოსამართლე ვასილ როინიშვილსაც და ჰკითხა, მზად არის თუ არა მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიები აუკრძალოს, რაზეც როინიშვილმა პასუხი არ გასცა.
კითხვებს პასუხი არ გასცეს არც სხვა მოსამართლეებმა.
დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.
არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
“საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელის განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სარჩელის განხილვა აქციის ფონზე მოუწევთ – სასამართლოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. სწორედ ამიტომ ადგილზე დილიდან უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული.
ასევე შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტებისთვის – მედიას დღეს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ.
