საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, განმარტა, რატომ მიიჩნევდა, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარი უნდა ეთქვა.
მისი შეფასებით, არსებობდა მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენის ობიექტური საფუძველი, რაც არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითაც უნდა შეფასდეს.
„კანონიდან გამომდინარე, მე ასეთი ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ჩავთვალე, რომ მოსამართლის თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყავი. პრემიერმა ისეთი განცხადება გააკეთა, აი ის, რომ პოლიტიკოსი იყო წარსულში, 14 წლის წინო და ის, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელიაო, არ არისო [მოსამართლის თანამდებობიდან გადადგომის] წინაპირობაო. მე რომ ვიყავი პოლიტიკოსი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რა თქმა უნდა, არ არის მარტო ეს ერთი პირობა. აქ არის კუმულაციურად მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით – ჩემი ადვოკატირება ამ მსხვერპლების, არაერთი მწვავე დისკუსია, პოლიტიკური დებატი, სადაც პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ ამ სისტემური დარღვევებისთვის, კონკრეტული დანაშაულებისთვის მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და საერთოდ უნდა წასულიყვნენ პოლიტიკიდან. ასეთი ტიპის კონტექსტი, ადვოკატირება კონკრეტული პირების, დაზარალებულების, რომელთა საქმეებიც მოტანილია ამ მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პლუს ეს პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, კუმულაციურად შეფასებული, ჩემი მხრიდან, ვფიქრობდი, რომ ზუსტად კანონიდან გამომდინარე, მავალებდა განრიდებას ამ საქმიდან“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბრიდან იწყება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა.
