უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ზელენსკის განცხადებით, საუბრისას სამი მთავარი საკითხი განიხილეს: ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის უზრუნველყოფა და ასევე „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ სერვისების აღდგენა.
„მარკო რუბიოს ვესაუბრე, შინაარსიანი საუბარი იყო, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. მადლიერი ვარ მისი დახმარებისთვის, მზადყოფნისა და მკაფიო პოზიციისთვის. პირველი – ანტიბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დასაცავად გვჭირდება. მეორე, რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მესამე, „სტარლინკსია“ და „სტარშილდის“ საკითხი, რადგან მათი მუშაობა უნდა აღდგეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რომელიც ამ საშინელი ომის დასრულებასა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მიმართულ მუდმივ ძალისხმევას უკავშირდება.შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კვლავ დავუკავშირდებით ერთმანეთს და განახლებულ ინფორმაციას გავცვლით“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა რუბიოს დახმარებისთვის მზადყოფნისა და მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკაში ყველას, ვინც, მისი თქმით, სამართლიან მიდგომებს უჭერს მხარს.
